მთავარი
 
Only For Youშაბათი, 2024-06-29, 3:16 AM



მოგესალმები Guest | RSS
მთავარი
საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

რეკლამა

სექციის კატეგორიები
თამაშები [624]
მუსიკა [119]
ვიდეოები [64]
მობილურისთვის [100]
პროგრამები [298]
განცხადებები [21]
ფილმები [182]
Counter Strike [40]
სპორტი [32]
Live ფილმები [3]

რეკლამა

ვალუტა

ფეხბურთის ფანებს

მთავარი » ფაილები » განცხადებები

თამარობა
2010-05-14, 4:19 PM


1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა.
მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიოორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი იქცა. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო „მზე მზეთა და ნათელი ნათელთა". განიხარა სრულიად საქართველომ. „ჰკრეს ბუკთა, ქოსთა და წინწილათა და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული, შუება და იმედი უიმედოქმნილთა". დაიწყო დიდებით და გამარჯვებებით, აღმშენებლობით და მოღვაწეობით, უძილო ღამეებით და ცრემლიანი ლოცვებით აღსავსე გზა მონარქთა შორის გამორჩეულის, „მზეთა მზის და დედოფალთა დედოფლის, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებული" თამარის მეფობისა.

ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღმრთო საქმით აღნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელმთავართა და მამათა სიმრავლეს მან ბრწყინვალე სიტყვით მდაბლად მიმართა:
„ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური".
მეფის თანადგომით გამხნევებულმა კრებამ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენა, მათ ნაცვლად „საღმრთონი კაცნი დაადგინა" და „სხუანი საეკლესიონი წესნი განმართნეს უდებთა მიერ დახსნილნი".

შამქორთან ბრძოლის წინ თამარის სიტყვა: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუნნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისათვის სამსონი და სიმრავლე ურიცხვი მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილთა, კუალად ასურასტანელთა ბანაკი ლოცვითა ეზეკიელისათა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯუარისათა წარემართენით".

შამქორთან გამარჯვების აღსანიშნავად და ღვთის სადიდებლად წმიდა მეფემ იამბიკო დაწერა:
„შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით
როკვიდა, ძისა ღმრთისა შენისა ყოფად,
მე, თამარ, მიწა შენი და მიერვე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა.
ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით
შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუ სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
ვინ დავით, ძეებ ეფრემის მოისარმან
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით..."

თამარის დროს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სარწმუნოებრივი კამათი მოხდა ქართველთა და სომეხთა შორის. თამარის უპირველესი კარისკაცები, ზაქარია და იოანე მხარგრძელები გასომხებული ქურთები იყვნენ და გრიგორიანულ სარწმუნოებას მისდევდნენ. ერთხელ, საღამოს ლიტურღიის შემდეგ, ზაქარიამ სეფისკვერის მიღება ისურვა, მაგრამ კათოლიკოსმა იოანემ ნება არ დართო.
გაბრაზებულმა ამირსპასალარმა სომეხთა კათოლიკოსი მოიყვანა. „მე მოლაშქრე ვარ, სჯული არ ვიცი, ამას ეკამათეო". კამათმა დიდხანს გასტანა. ბოლოს იოანე კათოლიკოსმა ბრძანა, საქმით გამოვაჩინოთ ჩვენი სიმართლეო. სამი დღე ვაშიმშილოთ ძაღლები. მესამე დღეს უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ და ტარიგი ძაღლებს დავუგოთ. რომლის ტარიგსაც ძაღლი შესჭამს, მისი სარწმუნოება მცდარი იქნებაო. ამის გამგონე მეფეს და ერს თავზარი დაეცა. წმიდა თამარმა კათოლიკოსს შეჰკადრა: „რა ვთქუ, ვინ შემძლებელ არს მისდა ქმნად, მოგონებად და სმენად, რამეთუ განსაკვირვებელ არს?" კათოლიკოსმა წყნარად მიუგო: „საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლაღმსარებელნი და ვისითა მღდელ-მოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხვერპლსა და ვისთა ხელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თვისსა".

კვირის საღმრთო ლიტურგიაზე მწირველმა იოანე კათოლიკოსმა ხელთ იტვირთა მართლმადიდებლურად შეწირული ტარიგი. მეფე და ერი შეძრწუნებული უმზერდა საოცარ სახილველს. კათოლიკოსმა ილოცა: „ქრისტე მეუფეო, ხსნისათვის კაცთასა განკაცებულო, ჯვარცმულო ჩვენთვის, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ხორცი შენი, რათა მოსახსენებლად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩვენი. შეუხებელად და მიუახლებელად დაიცევ ზარისა ასახდელი ხორცი ესე შენი, ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული; შენ უკვე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი და მოხედე მსხვერპლსა ამას და სირცხვილეულ ჰყვენ წინააღმდგომნი ჩვენნი". სამი დღის ნაშიმშილარი ძაღლი, როგორც კი მიუახლოვდა წმიდა ძღვენს, შეშინებული წკავწკავით განერიდა იქაურობას, სომეხთა მღვდელმოქმედებული კი მსწრაფლ შთანთქა. ამ საოცრების მხილველი ერი განადიდებდა უფალს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი".
სომეხი სჯულისმეცნიერნი სირცხვილეულნი დაბრუნდნენ უკან. იოანე ხარგრძელმა მაშინვე აღიარა მართლმადიდებლობა და ნათელ-იღო იოანე კათოლიკოსის მიერ, ზაქარიამ კი თქვა: „მრთელ სჯული არს ქართველთა", მაგრამ მაინც გრიგორიანობა შეინარჩუნა.

არც თვით უქმობდა თამარი და არც სხვებს აუქმებდა. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომლის მონასტერშიც დიდმარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე. ამ დროს აშენდა ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია... წმიდა მეფემ არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კონსტანტინეპოლში.

მოწყალე, კეთილი, ბრძენი მსაჯულის სამფლობელოში არავინ იყო მომძლავრებული, მტაცებელი, მეკობრე და მპარავი. თვითონ იტყოდა ხოლმე: „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა". დინჯმა და ღვთივგაბრწყინებულმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება. გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია სათაყვანებელ მეფეს. დიდხანს მალავდა მეფე ავადმყოფობას, სხვის შეწუხებას ერიდებოდა, დღითიდღე დაუმძიმდა ჭირი და როცა ტკვილი გაუსაძლისი გახდა, მხოლოდ „მაშინღა განაცხადა".

ლოცვად დადგა სრულიად საქართველო, ლიტანიობდა, ღამეს ათევდა, ცრემლით გამოსთხოვდა უფალს მზისდარი გვირგვინოსანის განკურნებას, მთავარნი პირთა იცემდნენ, გლახაკნი თავთა იტყებდეს, თითოეული ქართველი საკუთარ თავს და შვილებს მიუპყრობდა უფალს და ევედრებოდა: „რათა მარტო ეს დარჩეს და ჩუენ ყველანი მოგუსრენ".
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარმა მეფემ დარბაზის ერი იხმო. მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო მეფეთ მეფემ, მშვიდობა უსურვა ირგვლივ მყოფთ, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, უკანასკნელად გადაისახა პირჯვარი, უკანასკნელად თქვა: „ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".

დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ერიც ლეგენდებით ამკობს თავისი უდიდესი მონარქის მონატრებას და ამით გამოხატავს ოცნებით კავშირს წმინდა გვირგვინოსან მეფესთან და იმდროინდელ საქართველოსთან.

კატეგორია: განცხადებები | დაამატა: TUCHKA
ნანახია: 784 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Video

ძებნა

რეკლამა

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა


...